My favourite book / წიგნი, რომელიც არასოდეს წამიკითხავს
მწვანე ყდიანი წიგნია.
თაროდან ვიღებ და ხელში ვატრიალებ.
„ის არის“ – ვფიქრობ გულში და მიხარია… „ახლა მაინც წავიკითხავ, რამდენი ხანია ვეძებ !“
წიგნს პირველ ფურცელზე ვშლი და წასაკითხად ვემზადები.
ვკითხულობ პირველ წინადადებას, მერე მეორეს. არ მეცნობა.
„არა, ის ნამდვილად არ წერია აქ, რასაც ველოდი, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ის წიგნია!„
წიგნი, რომელიც მამამ წამიკითხა, მაშინ როდესაც პატარა ვიყავი.
მე შევარჩიე… მივუტანე და ვთხოვე, წაეკითხა. მანაც დაბალი ხმით დაიწყო: “ერთ ტყეში ერთი სახლი იდგა…”
ეს იყო უზარმაზარი სამყარო, სადაც ცხოველები ცხოვრობდნენ… სამყარო, სადაც ერთ ბავშვს ბატკანი ჰყავდა და უფრთხილდებოდა მგელს არ შეეჭამა. სამყარო, სადაც ამინდის ღვთაებას ევედრებოდნენ ადამიანები წვიმა მოეყვანა ან მზე.
სამყარო, რომელიც თურმე მამაჩემმა რამდენიმე წუთში რამდენიმე წუთით გამოიგონა, კეთილი და ბედნიერი დასასრულით…
შეიძლება იმიტომ, გოგონა გაეფრთხილებინა, რომ დედამიწაზე სიკეთეც არსებობს და ბოროტებაც და მაინც, ბოლოს სიკეთე იმარჯვებს.
ან იქნებ იმიტომ, რომ საკუთარი გოგონასთვის ბედნიერი სამყარო უნდოდა, სადაც ადამიანები მონები არ არიან !
მონა კი შეიძლება სხვისიც იყო და საკუთარი თავისაც.
თავისუფლებასაც ხომ უნდა სწავლა ?!
თავისუფლებასაც ხომ უნდა მიღება, რომ არავისთვის გქონდეს შესავედრი შენი წილი “წვიმა” და “მზე” !
ახლა, როცა უამრავ წიგნს ვაწყდები, ზოგს დიდი სიამოვნებით ვკითხულობ და ზოგს შუა გზაზე ვტოვებ, როცა ვინმე მეკითხება, რომელია ჩემი საყვარელი წიგნი, მე ვიხსენებ წიგნს, რომელიც არასოდეს წამიკითხავს!
16/11/2018
Gvantsa Gubeladze
Latest posts by Gvantsa Gubeladze (see all)
- შემოდგომის სიმღერა – January 21, 2019
- WELCOME TO COTTAGE #8 ! – November 19, 2018
- Armenian holiday – November 19, 2018
