
WELCOME TO COTTAGE #8 !
ჩვენი პოსტები დღიურებივითაა… იმ დღიურებივით, რომელსაც ყოველდღე უზიარებ შენს ემოციებს (სხვათაშორის, ემოციების მოთოკვა საზიანოა ჯანმრთელობისთვის).
ათი დღე უკვე გავიდა…
ჩემოდანი ჩავალაგე და გამოსამშვიდობებელი საუბრებისთვის ვემზადები. ზოგი დღეს ღამე მიფრინავს, ზოგი ხვალ. შეხვედრა ჩემს საცხოვრებელ კოტეჯშია.
კეთილი იყოს თქვენი ფეხი კოტეჯში #8.
თითქმის ყველა მოვიდა…
მე კი ვიხსენებ ბანაკში გატარებულ გასულ ათ დღეს, ზოგადად კონკურსსა და ემოციებს ვაჯამებ…
ყველაფერი ასე დაიწყო, ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა GPBA ( საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა) – ს პოსტზე მომნიშნა და მიაწერა „გვანცა, იქნებ ბედი გეცადა !“
მოთხოვნილი დოკუმენტების გადაგზავნის ბოლო ვადა ორ დღეში იწურებოდა… როგორც ყოველთვის, ბევრი ფიქრის შემდე, ბოლო წუთს გადავგზავნე საბუთები და ჩემი ნამუშევარი ქართულ და ინგლისურ ენაზე…
მერე დიდხანს ველოდე პასუხს…
მერე პასუხი გავიგე, საქართველოდან ოთხი გოგო შეგვარჩიეს: ანა, ნანა, მართა და მე.
მერე რა იყო იმას ცოტა გადავახტები…
დილიჟანში მინი-ავტობუსით ჩამოვედით… მგზავრობა ჩვენს მენტორთან, დათო ტურაშვილთან ერთად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. მთელი გზა ერთ ფრიად მტკივნეულ შეკითხვას გვისვამდა, შეყვარებულები არ გყავთ, დილიჟანში რომ ჩამოგაკითხოთო ?
რა იყო ჩვენი მიზანი, როდესაც ბანაკში მივდიოდით ?
რაც შეიძლება ბევრი გვესწავლა, გვეწერა და დავმტკბარიყავით შესანიშნავი შესაძლებლობით.
ღამე იყო რომ ჩამოვედით… მბჟუტავი ლამპიონები ენთო დილიჟანის ქუჩებში…
ოთხივე ცალ-ცალკე გადაგვანაწილეს…
პირველი ჩემი კოტეჯი იყო #8. კოტეჯთან ორი გოგო მელოდა… დარია და გაიანე, ერთი უკრაინიდან არის მეორე სომხეთიდან. ისინი ადრე ჩამოფრენილიყვნენ და უკვე კარგად იცნობდნენ ერთმანეთს… მიღიმოდნენ და ხელს მიქნევდნენ…
„აირჩიე, რომელ მხარეს იცხოვრებ, ჩემთან თუ მის მხარეს !“ – მკითხა დარიამ, ჯერ კიდევ მანამ, სანამ მძიმე ჩემოდანს კიბეებზე ჩავიტანდი. პასუხის გაცემა ცოტა გამიჭირდა, არ მინდოდა, ისე გამომსვლოდა, თითქოს რომელიმეს ვირჩევდი… საბოლოოდ გაიანეს მეზობლად აღმოვჩნდი…
მერე კიდევ გადავახტები და მთავარ მომენტზე გადავალ…
ბანაკის განმავლობაში ბევრი რამე ვისწავლე და დავინახე…
შევხვდი გამოცდილ მწერლებს ხუთი ქვეყნიდან, გავიგე მათი თავგადასავლი…
უკეთ გავეცანი 5 ქვეყნის ლიტერატურას…
და მთავარი შენაძენი, 20 ახალი მეგობარი: თურქეთიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან…
ჩვენ ვსაუბრობდით კონფლიქტებზე. როგორც აღმოჩნდა, ეს საკითხი ყველა მონაწილესათვის თანაბრად მტკივნეული იყო…
ჩვენ ვწერდით კონფლიქტებზე… ვამბობდით იმას, რაც გვაწუხებდა…
რაც გვტკიოდა…
რისიც გვეშინოდა…
ჩვენ ყველამ ვიცოდით ერთი რამ, რომ არსებობს პიროვნება…
რომ არსებობს ადამიანი საკუთარი ისტორიებით…
“TRUTH OR DARE” – მესმის საცხოვრებელი ოთახიდან, ანუ დრო არის მათ შევუერთდე !
კეთილი იყოს თქვენი ფეხი #8 კოტეჯში !
WELCOME TO COTTAGE #8 !
Gvantsa Gubeladze
Latest posts by Gvantsa Gubeladze (see all)
- შემოდგომის სიმღერა – January 21, 2019
- WELCOME TO COTTAGE #8 ! – November 19, 2018
- Armenian holiday – November 19, 2018